დახურვა
დახურვა
ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ ჩემი სიმღერა აკლიათ (ვიდეო)
 
გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს მსმენელს განსხვავებული სტუმრებითა და მათი საინტერესო ისტორიებით ანებივრებს. 

მორიგი გადაცემის სტუმარი ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნატო გელაშვილი გახლდათ.  სტუმარმა თავის შემოქმედებაზე, ბავშვობაზე, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ბავშვობის წლებს სასიამოვნოდ იხსენებს, უყვარდა ბუნება, ტყეში სიარული, ლექსების წერაც ბავშვობაში დაიწყო, როგორც ამბობს, თავდაპირველად პატარა და სასაცილო ლექსებს წერდა : „დიდ და ბედნიერ ოჯახში დავიბადე, ბავშვობა ბებია, ბაბუასთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ასოცირდება“. ყველა საგანს კარგად, დიდი მონდომებითა და სიბეჯითით სწავლობდა, აქედან გამომდინარე, მომღერალს სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, თუმცა ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა და გახდა ის, ვინც უნდა ყოფილიყო: „როცა დედას ჩემ გადაწყვეტილებაზე ვუთხარი ძალიან ინერვიულა, მთელი ცხოვრება ჩემს ექიმობაზე და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩემს სწავლაზე ოცნებობდა“. 

მომღერლის მშობლები სპორტული აქტივობით დაკავებულნი იყვნენ, შესაბამისად მომღერალი სხვადასხვა სპორტის სახეობაზე დადიოდა, დედის მსგავსად, თამაშობდა კალათბურთს, კარგად გამოსდიოდა მაგიდის ჩოგბურთი და ფეხბურთის თამაშიც. 

პირველი მუსიკალური ნაბიჯები ნატო გელაშვილმა, წლების წინ, ჯერ კიდევ სკოლის დამთავრების დროს გადადგა, ეს ის პერიოდია, როცა მომღერალი აქტიურად იწყებს ლექსებისა და მუსიკის წერას, თვლის, რომ ცხოვრებაში ადამიანები გზადაგზა გხვდებიან, რომლებიც შენს გარშემო ბევრ რამეს ცვლიან: „სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, ჯემალ რობაქიძე, მუსიკოსი რომელმაც მითხრა, რომ თუ მე სამედიცინოზე ჩავაბარებდი, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა“. 

მამის მხარდაჭერით მუსიკალურ სასწავლებელში წარმატებით ჩააბარა, სწორედ ამ წლებში შექმნა მომღერალმა მისი ერთ-ერთი პირველი ჰიტი „ისევ ღამე, ისევ თოვა“, ამ სიმღერამ გადატრიელაბა მოახდინა, უყვარდათ და მღეროდნენ.

შემდეგ დაიწყო სიმღერები ღვინოზე, ტექსტებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ყველას ასაკოვანი ქალი ეგონება, დროთა განმავლობაში ადამიანებმა ის გაიცვნეს და შეიყვარეს, მისი ერთ-ერთი პირველი დიდი წარმატება იყო, როცა მისი სიმღერა გრამპრის მფლობელი გახდა. 

აკეთებდა იმას რაც უყვარდა, არასდროს იბრძოდა პოპულარობისთვის: „ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე იყო, მირეკავდა რადიო, ჟურნალისტები, ისე მოხდა რომ მთელი თბილისი ამღერდა. პირველად მსმენელთან შეხვედრა მომღერლისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, მიაჩნია, რომ სოლო კონცერტის გასაკეთებლად დიდი შრომაა საჭირო, რადგან მსმენელი შემსრულებლისგან მუდმივად სიახლეებსა და დიდ ემოციას ელის. მის სიმღერებს უამრავი ქართველი შემსრულებელი მღეროდა, ერთ-ერთი პირველი გიო ხუციშვილი გახლდათ: „ერთ-ერთ საღამოზე მოვიდა გიო ხუციშვილი და მითხრა, შენს სიმღერაზე ვგიჟდები და რამე რომ არ მამღერო, მეწყინებაო“. ნატომ გელაშვილმა მას მამისთვის მიძღვნილი სიმღერა „ლოთიანი“ აჩუქა და თვლის, რომ გიო ხუციშვილი მისი შემოქმედების სწორი
აღმოჩენა იყო. მალევე დაიბადა მათი დუეტი და სიმღერები: „ჩემო ცისფერთვალება“და „დეკემბერი“. 

ნატო გელაშვილი ბოლო ოთხ წელზე მეტია მსმენელს მისი სცენაზე გამოჩენით აღარ ანებივერბს, ქუჩაში ხშირად ხვდებიან ადამიანები და ეუბნებიან , რომ მისი სიმღერა ბევრს აკლია: „ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ ჩემი სიმღერა აკლიათ“. თვლის, რომ ის ქალების კომპოზიტორია, რადგან უამრავი ქალის სათქმელი სიმღერაში თქვა.

შვილებთან ცდილობს საერთო ენა გამონახოს, მათთან თავისუფალი ურთიერთობა აქვს, თუმცა თვლის, რომ ზოგჯერ სიმკაცრეც აუცილებელია: „მე და ჩემს შვილებს ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ზოგჯერ მკაცრიც ვარ, იციან, როცა რამე არ მომწონს და ცდილობენ არ გააკეთონ“.

ისევე, როგორც ყველა მომღერალს ქართულ შოუბიზნესზე თავისი შეხედულება აქვს, ამბობს, რომ მთავარი პრობლემა სიმღერების დეფიციტია, დამწყები მომღერლები, რომლებიც მეგა-შოუების გამარჯვებულები ხდებიან, მალევე იკარგებიან და თავიანთ თავს ვერ პოულობენ: "ყველაზე დიდი პრობლემა ინდივიდუალიზმია, მიბაძვა მარტივია, შენი თავის პოვნა სიმღერაში კი ძალიან რთული“.

მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობს და მალე მის ერთგულ მსმენელს ახალ სიმღერებს შესთავაზებს: „მინდა რომ ამ ალბომში ჩემი შვილებიც იყვნენ, მუშაობას ვაგრძელებ და სიახლეებიც მალე იქნება„.

კომპოზიტორი ამას გარდა, საზღვარგარეთ მუსიკალურ ტურნეებში ხშირად იმყოფება, როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე დღის წინ იტალიაში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და ძველი, მათთვის საყვარელი, ჰიტებიც შეასრულა. გეგმავს ლექსების კრებულის გამოცემას: „ჩემთვის ლექსი უფრო ბევრად ახლობელია ჩემს სულიერ სამყაროსთან“. 

გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, სტუმარმა ბლიც კითხვებს უპასუხა:

როგორი ხასიათი აქვს ნატო გელაშვილს? - არც ისე მარტივი.
ადვილად პატიობ? - კი.
რას ეტყოდით დღეს პატარა ნატო გელაშვილს? - მორიდებული იყო, გახსნილობას ვურჩევდი.
ამოჩემებული სიმღერა? - გააჩნია ხასიათს. 
გადაწყვეტილებას რთულად იღებ? - დიახ.
რისი გეშინია? - უკვე აღარაფრის. 
გარკვეული დროის შემდეგ როგორი გინდა ახსოვდე ადამიანებს? - ისეთი, როგორიც თავის დროზე მიმიღეს. 

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 18:00 საათზე რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის.

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო „დარდიმანდი“. 2018 წელი

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00